არჩევნები 2024

კობახიძე: სუს-ის სიფხიზლე კარგია, რომ ვერავინ შეძლოს არჩევნებზე ნეგატიური გავლენის მოხდენა

ირაკლი კობახიძე

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის სიფხიზლე კარგია, რათა ვერავინ შეძლოს არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. კობახიძე სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომელთაც არ უნდათ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საუბარია როგორც გარედან მოქმედ ძალებზე, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები. მე მგონია, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არიან ფხიზლად. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რათა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ" - თქვა კობახიძემ. 

სუს-ის მტკიცებით, “პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას”. 

კომენტარები