ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში, ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ დახმარება ე.წ. კანონიერ ქურდებსა და ძველ ბიჭებს სთხოვა. წითლიძე ამბობს, რომ მათ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაშინება და მათთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა დაევალათ.
"ზუგდიდელებს არ ეშინიათ და ოპოზიციურ განწყობაზე ძალიან მყარად დგანან. ამიტომ, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, დახმარება კანონიერ ქურდებს სთხოვოს. რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში, კომბინატის უბანში, ე.წ. სხადნიაკი ჩატარდა, სადაც ორი ზუგდიდელი კანონიერი ქურდის, ლევან მარღიასა და ირაკლი ყალიჩავას სახელით, ე.წ. ძველ ბიჭებს დაავალეს, რომ ქართული ოცნების სასარგებლოდ იმუშაონ. მათ 2 დავალება აქვთ: ერთი - ადგილობრივი მოსახლეობა დააშინონ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არჩევნებზე არ მივიდნენ და მეორე - მონაწილეობა მიიღონ იმ ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილი არიან [...]
მინდა, ამ კანონიერ ქურდებს, ლევან მარღიასა და ირაკლი ყალიჩავას მივმართო: თქვენი ქმედებები, რასაც აკეთებთ, თქვენივე გაღუნული ფასეულობებითაც კი არაფერში ჯდება. ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე კანონიერ ქურდებს რა ჰქვიათ, სახელი თქვენვე შეგიძლიათ დაარქვათ.
ასევე, მინდა, მივმართო ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსს, ირაკლი ფაცაციას: როცა აქ ე.წ. სხადნიაკები ტარდება და ე.წ. კანონიერი ქურდები და ძველი ბიჭები ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების წინააღმდეგ მოქმედებენ, ამ დროს პოლიცია და სახელმწიფო სად არის?". - თქვა წითლიძემ.
ანა წითლიძის თქმით, ისინი შესაბამის მტკიცებულებებსა და კონკრეტული ადამიანების სახელებსა და გვარებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს გადასცემენ.





