ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ისრაელში, ქალაქ რამათ-განში არსებულ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ცესკოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა იმ რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში საარჩევნო უბნის გახსნას.
კალანდარიშვილის ცნობით, უახლოეს დღეებში სხდომა გაიმართება, სადაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას თელ-ავივიში "საარჩევნო უბნის შენარჩუნებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით".
"ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს წერილობით მოგვმართა, აქ არის ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, იმ რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, თელ–ავივში, ქალაქ რამათ-განში შექმნილ საარჩევნო უბანთან დაკავშირებულ საკითხებს. აღწერილია ყველა ის გარემოება, რომელიც, შესაძლოა, საყურადღებო იყოს კომისიისთვის საარჩევნო უბნის შენარჩუნებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით. რის თაობაზეც ჩვენ უახლოეს სხდომაზე გვექნება სათანადო მსჯელობა და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას". - თქვა კალანდარიშვილმა.





