რუსული კანონი

საკონსტიტუციომ გადაწყვეტილების მიღებამდე რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეაჩერა - სასამართლო პლენუმის მიღებული გადაწყვეტილება უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სასამართლომ სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ დააკმაყოფილა.

4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

5. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.

6. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით.

7. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

8. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

10. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს".

საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, მოპასუხე მხარე [საქართველოს პარლამენტი] აღნიშნავს, რომ რუსულ კანონს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუფერხებია.

"მოპასუხე მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს ცალკეული რეზოლუციებისა თუ დემარშების მნიშვნელობაზე საკითხთა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეფასების კონტექსტში. მოპასუხის განმარტებით, ცალკეული მაგალითები ცხადყოფს, რომ რეზოლუციებით/დემარშებით გაცხადებულ პოზიციებს, რომლებიც სახელმწიფოს მოუწოდებდა, შეესრულებინა ესა თუ ის ქმედება, არგაზიარების მიუხედავად, არ შეუფერხებია ევროინტეგრაციის პროცესი. შესაბამისად, ამა თუ იმ რეზოლუციის მიღება პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესია და საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხის შეფასებაში. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მიღების პირობებში არ მომხდარა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერება". - წერია განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს მტკიცებით, მოსარჩელე მხარე "არ მიუთითებს", თუ რატომ აფერხებს რუსული კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

"ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ სადავო კანონი აფერხებს ინტეგრაციის ფარგლებში განსახორციელებელ რომელიმე ტექნიკურ პროცესს. მისი არგუმენტაცია სრულად მიმართულია იმის წარმოჩენისკენ, რომ სანამ მსგავსი კანონი საქართველოში არსებობს, ევროკავშირი არ გამოხატავს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს". - წერია გადაწყვეტილებაში. 

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, უწყება რუსულ კანონს სამართლებრივი სივრციდან ვერ გააქრობს და ვერც "არაკონსტიტუციურად ცნობის ლეგიტიმურ მოლოდინს გააჩენს".

"შესაბამისად, სასამართლომ, რომც შეაჩეროს კანონის მოქმედება, იგი მას სამართლებრივი სივრციდან ვერ გააქრობს და ვერც მისი არაკონსტიტუციურად ცნობის ლეგიტიმურ მოლოდინს გააჩენს.

შესაბამისად, არ გამოკვეთილა დასაბუთება, თუ რატომ დააზღვევს არსებით განხილვამდე კანონის მოქმედების შეჩერება ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების საფრთხეებს. კანონიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მოსარჩელის არგუმენტაციის გაზიარების შემთხვევაშიც კი აშკარაა, რომ ის შედეგები, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, უკავშირდება სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას და არა მათი მოქმედების დროებით შეჩერებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ იწვევს კანონი ისეთ შედეგებს, რომლის გამოსწორებაც ვერ მოხდება მისი არაკონსტიტუციურად ცნობით. ამავე დროს, არ გამოკვეთილა, რომ სადავო კანონის მოქმედების შეჩერება მოსარჩელის მიერ მითითებული საფრთხეების პრევენციის ეფექტური მექანიზმია. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიზნების დასაცავად, სადავო კანონის შეჩერების საფუძველი". - წერია გადაწყვეტილებაში.

კომენტარები