ირანის თავდასხმა ისრაელზე

IDF-ის თქმით, მათ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა გაანეიტრალეს

ირანის თავდასხმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით, 1-ელი ოქტომბერი, 2024
REUTERS/Amir Cohen

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, 1-ელ ოქტომბერს ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული 180 ბალისტიკური რაკეტის "დიდი რაოდენობა" ისრაელმა გაანეიტრალა.

ისრაელის არმიის თქმით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვა ეფექტური იყო, ხოლო ისრაელის დაცვაში მონაწილეობა აშშ-მაც მიიღო, მათ შორის, საფრთხის ამოცნობასა და რაკეტების განადგურებაში.

IDF-ის განცხადებით, ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელში ირანული რაკეტების დარტყმის "იზოლირებული" შემთხვევები იყო, თუმცა ისრაელის არმიის თქმით, თავდასხმის შედეგად ქვეყნის საჰაერო ძალების "კომპეტენცია" არ დაზიანებულა, და საჰაერო ძალების თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვითი სისტემები და საჰაერო სივრცის კონტროლი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში (IRGC) ამტკიცებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ მათ მიერ გაშვებული რაკეტების 90% სამიზნეებს წარმატებით მოხვდა. IRGC-ის მიხედვით, რაკეტების სამიზნე სარადარო ბაზები და ისრაელის უსაფრთხოების ის აპარატი იყო, რომელმაც ჰამასისა და ჰეზბოლას მაღალჩინოსნების მკვლელობები დაგეგმა.

კომენტარები