ირანის თავდასხმა ისრაელზე

სალივანი: ისრაელზე ირანის თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვება, აშშ ისრაელთან იმუშავებს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი
AP Photo/Andrew Harnik, File

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით ირანის თავდასხმა დაგმო და ეს ქმედება მნიშვნელოვან ესკალაციად შეაფასა. მან ასევე დაამატა, რომ ისრაელმა ირანის იერიში, როგორც ჩანს, სიცოცხლის დაკარგვის გარეშე მოიგერია.

"ეს მნიშვნელოვანი ესკალაციაა ირანის მხრიდან, მნიშვნელოვანი მოვლენა, და ეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისრაელთან ერთად შევძელით და შევქმენით ვითარება, რომელშიც არავინ დაღუპულა ისრაელზე თავდასხმაში". - განაცხადა სალივანმა.

სალივანმა ასევე დაამატა, რომ ირანის თავდასხმას "შედეგები მოჰყვება, მძიმე შედეგები ამ თავდასხმისთვის და ჩვენ [აშშ] ისრაელთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ასეც მოხდეს".

სალივანის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ვითარებას აკვირდება და ისრაელის მხარესთან ერთად იერიშზე პასუხის მხრივ მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს.

კომენტარები