დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

აშშ-ს მაღალჩინოსნების ცნობით, ირანი ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშისთვის ემზადება

გამოცემა Reuters-ის ცნობით, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით იერიშისთვის ემზადება და თავდასხმა, "სულ მცირე, იმავე მასშტაბის იქნება, როგორიც მიმდინარე წლის აპრილის იყო". 

აშშ-ს თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ ირანული თავდასხმისგან ისრაელის დასაცავად აქტიური მზადების პროცესშია. 

"ირანის პირდაპირი სამხედრო იერიში ისრაელის წინააღმდეგ მკაცრი შედეგების მომტანი იქნება ირანისთვის", - ამბობენ თეთრ სახლში. 

აშშ-ს სხვა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი იერიში, სულ მცირე, იმავე მასშტაბების ან უფრო ძლიერი იქნება იმ სარაკეტო იერიშზე, რომელიც თეირანმა ისრაელზე 2024 წლის აპრილში მიიტანა.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაცხადა, რომ ლიბანის სამხრეთში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს

ცნობისთვის, გასულ დღეებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე 12 მათგანი მოკვდა და რამდენიმე ასეული დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა ჯგუფი. 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა. ეს ჯგუფისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია. 

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმისა და ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ისრაელზე იერიშების ჰეზბოლას მხრიდან გავრცელდა. ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს ფაქტობრივად აკონტროლებს. მას შემდეგ, რაც ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა, ჰეზბოლამ ისრაელზე უფრო მასობრივი იერიშების მიტანა სცადა და ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. თავდაპირველად ამ ჰანიას მკვლელობაზე შურისძიების პირობას ირანიც დებდა, თუმცა საბოლოოდ მათი რიტორიკა შერბილდა და იერუსალიმის წინააღმდეგ მასშტაბური საპასუხო მოქმედებები არ დაუწყიათ.

კომენტარები