კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქართული ოცნება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის წინასაარჩევნოდ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, რათა ვერ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება.
ხოშტარია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) განცხადებას გამოეხმაურა და ორგანიზაციისადმი კოალიციის მხარდაჭერა გამოხატა.
"ქართული ოცნება ცდილობს აამოქმედოს რუსული კანონი და შექმნას ხელოვნური ბარიერი, რათა არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნებს. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ღირსეული პოზიცია, რომ არ აღიარებენ ამ აბსურდულ მექანიზმებს, რომ ისინი აუცილებლად დააკვირდებიან არჩევნებს. ივანიშვილს არ ესმის ერთი რამ, რომ მას საქმე აქვს არა ცალკეულ პოლიტიკოსებთან, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილება მიღებული რომ ეს ქვეყანა იქნება ევროკავშირის წევრი. ჩვენი კოალიციის მხარდაჭერა ეკა გიგაურს და საერთაშორისო გამჭვირვალობას". - განაცხადა ხოშტარიამ.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, რომ აქვთ მჭიდრო კომუნიკაცია დამკვირვებელ ორგანიზაციებთან და წელს არჩევნებს უპრეცედენტოდ ბევრი დამკვირვებელი ეყოლება.
"მხარდაჭერა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, მიუხედავად იმისა, რას მოიგონებს ივანიშვილი, რას ეცდება ის აუცილებლად დასრულდება კრახით. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია დამკვირვებელ ორგანიზაციებთან და წელს არჩევნებს დააკვირდება უპრეცედენტოდ ბევრი დამკვირვებელი.
მინდა ვთხოვო საქართველოს მოქალაქეებს, ახლა კიდევ ერთხელ არის იმის ჩვენების დრო, რომ ივანიშვილი ებრძვის ქართველ ხალხს, ახლა არის ერთად დგომის დრო, გთხოვთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პლატფორმა და დარეგისტრირდეთ როგორც დამკვირვებელი. ჩვენ კოალიცია ცვლილებისთვის გთავაზობთ პლატფორმას რომ დააკვირდეთ არჩევნებს". - თქვა ლემონჯავამ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს(TI) განცხადებით, ორგანიზაცია საკუთარი სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება.
კუპრაშვილმა საერთაშორისო გამჭვირვალობა და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
"ჩვენი სახელით არჩევნებს ვერ დავაკვირდებით, ვაგრძელებთ ინდივიდუალურ ბრძოლას ხმების დაცვისთვის". - წერს TI.





