მეგობრებო, დარწმუნებული ვარ უმრავლესობა თქვენგანისათვის მოულოდნელი იყო ჩემი ნახვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში.
თავს ვალდებულად მივიჩნევ, გაგიზიაროთ ამ გადაწყვეტილების ლოგიკა:
მმართველი პრო-რუსული, ანტიდემოკრატიული რეჟიმის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი იყო და არის სამოქალაქო საზოგადოების - როგორც პოლიტიკური ოპონენტის გაუქმება, დაშინება და ბლოკირება.
საქართველოს ნამდვილად ევროპულმა და ძლიერმა სამოქალაქო საზოგადოებამ კარგად გაართვა თავი ამ გამოწვევას და აგრძელებს ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე.
მე პირადად მიმაჩნია, რომ, რადგან რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოების საერთო დასუსტებას ისახავს მიზნად, მისი დაძლევის ერთ-ერთი რაციონალური გზა - ძლიერი და კლასიკური პოლიტიკური მუშაობაა.
შესაბამისად, პირადად ჩემთვის - ეს ვალდებულება, ცვლილებებისათვის ყველაზე რეალური რესურსის მქონე პოლიტიკური გაერთიანების უფრო გაძლიერებაში მონაწილეობის მიღებაში და მთელი ჩემი პირადი რესურსების ამ საქმისათვის გადადებაში აისახება. პოლიტიკური ძალის, რომელმაც ფუნდამენტური ნაბიჯები გადადგა და დერეფანი გახსნა საქართველოს ევროპული მომავლისათვის. ჩემს თაობას მომავლის პერსპექტივა მისცა - თანასწორ შესაძლებლობებზე დაფუძნებული, წარმატებული გარემოს შექმნით და რომლის ლიდერმაც პირადი მაგალითით გვაჩვენა - როგორ შეიძლება ყველაზე მთავარი, სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის და სიკვდილის, პატიმრობის წამითაც არ შეგეშინდეს.
რეალური ცვლილებების გზა - ძლიერ სამოქალაქო მოძრაობასა და ძლიერ ოპოზიციურ გაერთიანებაზე გადის. თუკი მიგვაჩნია, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ბევრი ნაკლი აქვთ და განახლება-გაძლიერებას საჭიროებენ, მაშინ ჩვენვე უნდა გავხდეთ ამის მონაწილენი. დღევანდელ, აქამდე არნახულად კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას, ძალების კოორდინაციასა და საერთო ეროვნული ამოცანისათვის ბრძოლას - ყველა ჩვენგანის ვალად მივიჩნევ.
ამრიგად, თითოეული ჩვენს წვლილს შევიტანთ საერთო გამარჯვებაში: ვიქნებით დამკვირვებლები და ხმის მცველები, გავაძლიერებთ ოპოზიციური პარტიების კომისიებს, ნამდვილ დემოკრატიულ დღის წესრიგს შევიტანთ ჩვენი ინტერესების წარმომადგენელ პარტიებში და კიდევ ერთხელ, დავიბრუნებთ ამ სახელმწიფოს! საშუალებას მივცემთ ყველა მოქალაქეს - თავისუფლად, უსაფრთხოდ, ღირსეულად იშრომონ, სიმდიდრე დააგროვონ, ბედნიერებისკენ ისწრაფვონ ძლიერ, ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოში.
ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის!
გავიმარჯვებთ სახელოვნად!





