კომპანია Ridetech Georgia LLC საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო BMG ავრცელებს.
კომპანიის Yandex GO და და Yandex Pro აპლიკაციები რუსეთის ფედერაციაში არსებულ სერვერებს დაუკავშირდა, სახელდობრ, ამ აპლიკაციების მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, მათ შორის, მათი მოწყობილობების IP მისამართები რუსეთის ფედერაციას გადაეცა, რის გამოც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა Ridetech Georgia 4000 ლარით დააჯარიმა.
"ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვმუშაობთ. ჩვენი სერვისების მომხმარებლების უფლებები ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს.
ჩვენ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვიცავთ. მონაცემების შესანახად ვიყენებთ ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს - იმ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიხედვით, Yandex Go-ს მომხმარებლის მონაცემების ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ჩვენ მას არ ვეთანხმებით და უახლოეს დროში გავასაჩივრებთ. Yandex Go-ს სერვისი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს". - BMG-ზე დაყრდნობით, განაცხადა Ridetech Georgia LLC-ის წარმომადგენლობამ.
ცნობისთვის, გუშინ, 23 სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია იანდექსის ქართული აპლიკაცია რუსეთში მდებარე სერვერებს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, სახეზეა ქსელური მისამართის/IP Address-ის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის ხელმისაწვდომობის ფაქტი.
"[...] პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ შპს რაიდტექ ჯორჯიას მიერ აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით, 4 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა. ამასთან, შპს რაიდტექ ჯორჯიას დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/IP Address) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა". - წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 23 სექტემბრის განცხადებაში.





