Yandex

იანდექსის ქართული აპლიკაცია რუსეთში მდებარე სერვერებს დაუკავშირდა - PDPS

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, შემოწმებით დადგინა, რომ კომპანია იანდექსის ქართული აპლიკაცია რუსეთში მდებარე სერვერებს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, სახეზეა ქსელური მისამართის/IP Address-ის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის ხელმისაწვდომობის ფაქტი.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა შპს რაიდტექ ჯორჯიას მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი. აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით.

შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს დაუკავშირდა. შპს რაიდტექ ჯორჯიას იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისთვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/IP Address-ის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი". - წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, შემოწმების დაწყებამდე, კომპანიამ მათ მიმართა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთში გადაცემის თაობაზე ნებართვა მიეცათ.

"აღსანიშნავია, რომ შემოწმების დაწყებამდე შპს რაიდტექ ჯორჯიამ სამსახურს განცხადებით მომართა და საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა მოითხოვა. სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული - მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა შპს რაიდტექ ჯორჯიას (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა დაადგინა, რომ შპს რაიდტექ ჯორჯიას მიერ აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით, 4 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა. ამასთან, შპს რაიდტექ ჯორჯიას დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/IP Address) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა". - წერია განცხადებაში.

კომენტარები