დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის პრეზიდენტი უარყოფს, რომ ლიბანში პეიჯერების აფეთქება ისრაელთანაა კავშირში

იცხაკ ჰერცოგი

ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი უარყოფს, რომ ისრაელი კავშირშია 17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარ აფეთქებებთან, რომლის ფარგლებშიც ჯერ ჰეზბოლას წევრების პეიჯერები, ხოლო მეორე დღეს მათი პორტატიული რაციებიც აფეთქდა.

აქამდე, ისრაელის მხარეს ლიბანში მომხდარ აფეთქებებში მათ ჩართულობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა Sky News-სთან ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი მთლიანად უარყოფს ამა თუ იმ ოპერაციის წყაროსთან კავშირს.

"ჰეზბოლას ძალიან ბევრი მტერი არსებობს, დღესდღეობით საკმაო ოდენობის. ჰეზბოლა დიდი ხანია ლიბანს ახრჩობს, ლიბანს ანგრევს, არეულობას თესავს ისევ და ისევ. ჩვენ აქ უბრალოდ ჩვენი თავის დასაცავად ვართ. მხოლოდ ამას ვაკეთებთ". - განაცხადა იცხაკ ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ისრაელის ინტერესებში არ შედის ლიბანთან ომი, თუმცა, მისი თქმით, "ლიბანი ტერორისტული ორგანიზაციის [ჰეზბოლას] მიერ არის გატაცებული".

17 სექტემბერს ლიბანში ერთდროულად ასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ატარებდნენ. თვითმხილველების თქმით, მათ შარვლების ჯიბეებიდან კვამლი დაინახეს, რასაც მალევე აფეთქება მოჰყვა. მეორე დღეს, 18 სექტემბერს ლიბანში ჰეზბოლას მიერ გამოყენებული პორტატიული რაციებიც აფეთქდა.

მაღალჩინოსნების ცნობით, აფეთქებები მაღაზიებში, სახლებსა და მანქანებში ერთდროულად მოხდა, რის შედეგადაც ჯამში, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 000-ზე მეტი დაიჭრა. მოგვიანებით, ჰეზბოლამ ლიბანში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა.

კომენტარები