არჩევნები 2024

დავითაია: მზად ვართ, ევროპელი დემოკრატების პლატფორმა გაერთიანების მსურველ ძალებს დავუთმოთ

გამოცემა ინტერპრესნიუსი პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებას ავრცელებს. დავითაიას თქმით, თუკი მხარეების წარდგენილი პირობები "წინასაარჩევნო სპეკულაციას" არ წარმოადგენს, მზად არიან, პარტია ლელოსა და პარტიას საქართველოსთვის გაერთიანებისთვის თავიანთი საარჩევნო პლატფორმა დაუთმონ. 

"ვითვალისწინებთ რა მდგომარეობას, რომელიც შეიქმნა ორი პოლიტიკური გუნდის გაერთიანების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მოლოდინს ოპოზიციური ძალების გაერთიანების აუცილებლობის შესახებ, რასაც ადასტურებს ყველა კვლევა, მზად ვართ, კვალიფიციური სუბიექტის "ევროპელი დემოკრატების" პლატფორმა, როგორც ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა, შევთავაზოთ დიალოგში მონაწილე მხარეებს.

პოლიტიკური პარტია "ევროპელი დემოკრატები" ფლობს ყველა ტექნიკურ რესურსს, უზრუნველყოს პოლიტიკური გუნდების ერთ ძლიერ, პოლიტიკურ ძალად გაერთიანების შესაძლებლობა. მზაობა, დაგვეთმო ჩვენი პარტიული ინტერესები და მიგვეცა შესაძლებლობა გაერთიანების მსურველი ყველა პოლიტიკური ძალისთვის, გამოვხატეთ პირველებმა, ჯერ კიდევ ივლისში, რაც შემდგომ მრავალგზის იყო გაჟღერებული ჩვენი პარტიის მიერ. ჩვენთვის მისაღებია პოლიტიკური პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის მიერ გახმაურებული პრინციპები. თუ მხარეების მიერ გაცხადებული პირობები არ არის წინასაარჩევნო სპეკულაციები, პოლიტიკური სვლები, პარტიის ლიდერების ამბიციების დაკმაყოფილების საშუალება და მათი რეალური მიზანი არსებული ხელისუფლების შეცვლაა, მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ნეიტრალურ პლატფორმაზე "ევროპელი დემოკრატები" - #6. მხოლოდ მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება შეცვლის არჩევნების შედეგს, რაც არის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის მოლოდინი". - წერია "ევროპელი დემოკრატების" გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები