არჩევნები 2024

ხაზარაძე გახარიაზე: კონსულტაციები გაგრძელდება, ჯერ არ დასრულებულა

ფოტო: Facebook/Mamukakhazaradzeofficial

მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიასთან პირისპირ კიდევ ერთი შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ გაერთიანებასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა და მხარეები საუბარს გააგრძელებენ.

"მათთან [კოალიციის წევრებთან] შეთანხმების გარეშე, მე დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადავდგამ. კოოპერაციაზე წინააღმდეგი არავინ არაა. ჩვენ ბატონ გიორგი გახარიას შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში, კოალიციაში შემოსულიყო თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად. დეტალებში ვერ შემოვალ, რადგან ეს ჩვენი პირადი მოლაპარაკებაა. თანაბარსწორუფლებიანი პარტნიორი თანაბარსწორუფლებიან პარტნიორობას ნიშნავს.

შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა. საუბარი გრძელდება. მინდა, მას კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადავუხადო. ეს მარტივი რაღაც არ არის. მინდა, იმას მივაღწიო, რომ არჩევნებამდე მოქალაქეებს ვაჩვენოთ, კოალიცია როგორ გამოიყურება. და ამ კოალიციაში ვის რა ზომა და წონა აქვს, ეს მთავარი არაა". - თქვა ხაზარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მეორე დღეა, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან.

ერთმანეთთან დახურულ კარს მიღმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, 17 სექტემბრის საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია - ძლიერი საქართველოსთვის და პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, რათა პარტიებს გაერთიანების საკითხზე ემსჯელათ.  

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მათ პაუზა აიღეს, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება.

"ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევთანხმდით ერთ რამეზე - გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად დავაყენოთ ქვეყანა ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ მოლაპარაკეები არ დაგვიმთავრებია; არის საკითხები და ეს საკითხები არის ტექნიკური ტიპის საკითხები. შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ჩვენ ავიღეთ კიდევ პაუზა". - თქვა ხაზარაძემ.

ამის პარალელურად გიორგი გახარიამ ხაზარაძესთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბებაზე მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, ლელოს ლიდერმა "ერთდღიანი პაუზა პოზიციების შესათანხმებლად აიღო".

"მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. მე არ მინდა ახლა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო, ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერია საიდუმლო, ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის, რის გამოც ეს გადაიდო, თორემ ჩემი მხრიდან, არაფერი…" - თქვა გახარიამ.

კომენტარები