აზერბაიჯანი-საქართველო

აზერბაიჯანი: საქართველოსთან საზღვრის 2/3 შეთანხმებულია, სადავო საკითხები არ არის

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, აიხან ჰაჯიზადა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, აიხან ჰაჯიზადას თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის 2/3-ის დელიმიტაციაზე ქვეყნებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამის შესახებ ჰაჯიზადა გამოცემა Report-ს ეუბნება

"გასახარია, რომ მოწმეები ვხდებით ჩვენი პარტნიორობის წარმატებით განვითარებისა და გამდიდრებისა, რომელიც ურთიერთნდობისა და მხარდაჭერის საფუძველზეა აშენებული. ის სტრატეგიული სატრანსპორტო, ენერგო და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება, არამედ, ფასდაუდებელი შესაძლებლობების შექმნის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს უფრო ფართო რეგიონშიც", - თქვა ჰაჯიზადამ გამოცემასთან ინტერვიუში. 

რაც შეეხება საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ეს შრომატევადი ნაწილია შეთანხმებისა, თუმცა მხარეები საზღვრის 2/3-ის დელიმიტაციაზე უკვე შეთანხმდნენ. მისი თქმით, საზღვარზე სადავო საკითხები არ არსებობს, მხოლოდ ის პუნქტები, რომლებიც ჯერჯერობით შეუთანხმებელია. 

"1996 წლიდან, ორ ქვეყანას შორის არსებული შესაბამისი კომისია დელიმიტაციის საკითხზე მუშაობს და ქვეყნები საზღვრის 2/3-ზე უკვე შეთანხმდნენ. როგორც ჩვენ ვატყობთ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სადავო საკითხები არ არსებობს, მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც ჯერ არ შეგვითანხმებია. ეს ბუნებრივია, ვინაიდან საზღვრის საკითხი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და კომპლექსურია. სასაზღვრო ხაზი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამის გადახედვა მეორედ აღარ მოგვიწიოს. ამასთან დაკავშირებით მუშაობა ჯერაც გრძელდება". - თქვა აზერბაიჯანის საგარეო უწყების სპიკერმა. 

კომენტარები