პარტია გახარია - საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი იღებს სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას და 17 სექტემბერს, 15:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ შეხვედრაზე მივლენ.
"ქალბატონი პრეზიდენტის შემოთავაზებას პოლიტიკურ დისკუსიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ვითვალისწინეთ და, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნება ხვალ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი უპირობოდ იქნება ქალბატონი პრეზიდენტის შემოთავაზებაზე თანახმა, რომ წარმოდგენილი იყოს ხვალინდელ დისკუსიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნება წარმოდგენილი." - თქვა სიჭინავამ.
იგი ასევე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც თვლიან, რომ მათ გაერთიანებასა და გახარია - საქართველოსთვის შორის ჯერ ორმხრივი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს და მხოლოდ რაიმე შედეგის არსებობის შემთხვევაში ეცნობოს პრეზიდენტს.
"წავიკითხე Facebook განცხადებაც და მოვუსმინე ბატონ ჯაფარიძესაც და სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე რაზეა საუბარი. ჩვენ, ჩვენი მხრიდან უპირობო მზაობას გამოვხატავთ საქართველოს პრეზიდენტის შემოთავაზებაზე, ჩვენი პოლიტიკური გუნდი სამ საათზე წარმოდგენილი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საუბარი იმაზე, რაზეც მე დასკვნები ვერ გამოვიტანე, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან პრეზიდენტის შემოთავაზება მიღებულია და შესაბამისად, დაველოდოთ იმ პროცესს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნება წარმართული." - ამბობს სიჭინავა ტელეკომპანია პირველის ეთერში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანება ძლიერი საქართველო და პარტია გახარია - საქართველოსთვის 17 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.





