გაერთიანება ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძეს თქმით, გიორგი გახარიასთან საუბრისთვის მზად არის და იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების შედეგი დადგება - შემდეგ აცნობებენ სალომე ზურაბიშვილს.
ასე გამოეხმაურა ხაზარაძე პრეზიდენტის შეთავაზებას, პარტიების ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიწვევის შესახებ.
"მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში “ძლიერი საქართველოს” როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას.
როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, "ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია.
დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს.
თუ, და, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს." - წერს ხაზარაძე.
ასევე ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, შეთანხმებას აქვს შანსი რომ შედგეს, "თუ ის იქნება ორმხრივი განხილვის რეჟიმში და თუ წარმატება შედგა, შემდგომ იქნეს ის წარდგენილი პრეზიდენტისთვის."
ჯაფარიძე კითხვაზე - მივლენ თუ არა 17 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე - პასუხობს, რომ "თუ შეთანხმება სამ საათამდე არ იქნება, რაც ძალიან დიდი ალბათობით არ მოხდება", ასეთ შეხვედრაში სარგებელს ვერ ხედავენ.





