მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფლორიდაში ტრამპის გოლფის მოედნის გარეთ ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შემდეგ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდაა. ამის შესახებ ცნობას გამოცემა Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთანავე, გამოცემა Associated Press-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც გოლფის მოედნის სიახლოვეს შეიარაღებული პირი დაინახეს.
მოგვიანებით, ფლორიდის შტატის მარტინის ოლქის შერიფის სამსახურმა Facebook-ზე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, მომხდართან არის კავშირში, დაკავებულია.
შერიფის სამსახურმა "მანქანა შეაჩერა და ეჭვმიტანილი დაკავებულია". - წერია განცხადებაში.
მანამდე, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ "მის სიახლოვეს [ცეცხლსასროლი იარაღის] გასროლის შემდეგ" იგი უსაფრთხოდაა.
"პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდაა მას შემდეგ, რაც მის სიახლოვეს [ცეცხლსასროლი იარაღი] გაისროლეს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები არ გვაქვს". - განაცხადა ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, სტივენ ჩენგმა.
ინციდენტის დროს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში გოლფს თამაშობდა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იარაღის გასროლის შემდეგ მოედანი მყისიერად დაიკეტა.
მომხდართან დაკავშირებით აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა X-ზე დაწერა, რომ სააგენტო ოლქის შერიფის სამსახურთან თანამშრომლობს, რათა ინციდენტი გამოიძიონ. საიდუმლო სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ შემთხვევა ადგილობრივი დროით შუადღის 2 საათამდე მოხდა.
მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს მომხდართან დაკავშირებით უკვე აცნობეს. განცხადების მიხედვით, ბაიდენსა და ჰარისს შვება მოჰგვარა იმ ფაქტმა, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა.