საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა, მაშინ, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა იმ 9 პირის მიმართ, რომელთა სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგსაც საია ახორციელებს.
"საია მონიტორინგს უწევს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეებს. საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, ორგანიზაციამ 9 პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის იდენტიფიცირება მოახდინა. ყველა მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება/განიხილებოდა და თითოეული პირის მიმართ სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა, რომელიც არც გადასინჯვის შედეგად შეცვალა". - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე განცხადებით, "იმის ფონზე, რომ რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია, საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.
საია აგრძელებს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე დაკვირვებას და მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას სხდომებზე გამოვლენილი ტენდენციების შესახებ". - ნათქვამია განცხადებაში.