სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ მაგალითად, [ეკა] გიგაური ისაუბრებს საქართველოს მომავალსა და დემოკრატიაზე. გიგაური, როგორც ასეთი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, მაგრამ რეალურად, ჩვეულებრივი პოლიტიკოსია.
კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინებიან, არანაირი ზღვარი არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა.
ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის. ველოდებით, რომ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას [აშშ-სგან]. კატეგორიულად მიუღებელია ის ცრუ პიარ კამპანია, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენდით. ეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეხებოდა, თუმცა, რეალურად რომ შევხედოთ, აღნიშნული კანონი უბრალოდ მოგონილი თემაა. რეალური პრობლემა და განაწყენება კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ არ დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა და საკუთარი ხალხი, არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი. ესაა რეალური პრობლემა იმ ურთიერთობების, რაც დღეს გვაქვს, თუმცა ყველაფერი დალაგდება, დამშვიდდება და დასტაბილურდება.