სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე მოიგო. ორივე სახელმწიფოს ჯამში მისთვის 21 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
გადაწყვეტილების თანახმად სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება) მუხლები მუხთარლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობის გამო. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, საქართველოს არსებითად არ დაურღვევია კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები (არასათანადო მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით).
ECHR-ს გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ დაადგინა აზერბაიჯანის მიერ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მუხლის დარღვევა. თუმცა, არ დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა.
აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული.