თბილისი

ვარკეთილის დასახლება პირდაპირ დაუკავშირდება ვაკეს – კალაძე ავტობუსების ახალ მარშრუტზე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ავტობუსების ახალი მარშრუტის საშუალებით ვარკეთილის რაიონის მცხოვრებებს პირდაპირი კავშირი ექნებათ ვაკე-საბურთალოს რაიონთან. 

"7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით იქნება ჩანაცვლებული. ავტობუსები მგზავრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მოემსახურებიან არსებული სქემით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ ორთაჭალის მიმართულებით, მეტროსადგურების - ისნისა და სამგორის გავლით დაუკავშირდება ჯავახეთის ქუჩას და მოემსახურება ვარკეთილის დასახლებას სუხიშვილის, თაყაიშვილის და კუპრაძის ქუჩების გავლით. აღნიშნული ცვლილებით, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საბურთალოს რაიონთან. 

გარდა ამისა, N309 მარშრუტი, რომელიც ამჟამად მოძრაობს ვარკეთილის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩამდე, გაგრძელდება ვაკეში, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით და მოძრაობას დაამთავრებს კუს ტბის გადასახვევის მიმდებარედ. აღნიშნულ მარშრუტზე ჩართულია 13 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი და დაემატება კიდევ 2 ერთეული. აღნიშნული ცვლილებით, ვარკეთილის დასახლება პირდაპირ დაკავშირდება ვაკის რაიონთან" - თქვა კახა კალაძემ. 

კომენტარები