ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას თქმით, რუსეთმა 1-ელი სექტემბრიდან "აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა".
შამბას თქმით, რუსეთმა ამ დრომდეც არაერთხელ აღნიშნა, რომ "აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შესაძლოა გამოეწვია გარკვეული სანქციები".
"1-ელი სექტემბრიდან მათი [სანქციების] განხორციელება უკვე დაიწყეს. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვას. როგორც ჩანს ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ასევე, კითხვები არსებობს ელექტროენერგიის ფასებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, კომერციული ფასის გადახდა მოგვიწევს". - თქვა შამბამ.
გარდა ამისა, შამბამ ისაუბრა, დე ფაქტო პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და ე.წ. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე. მისი თქმით, მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულად რუსეთის პრეროგატივაა, რომელზეც მარიონეტული რეჟიმი გავლენას ვერ მოახდენს.
14 თებერვალს, ოკუპირებული აფხაზეთის მედიებში გავრცელდა ცნობა, რომ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო საპროტესტო ნოტა, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებთან დაკავშირებით მიღებულ ე.წ. კანონში შეტანილ ცვლილებას ეხება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, 2023 წლის 27 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე მოახდინა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემის ხელშეკრულების რატიფიკაცია.
გარდა ამისა, ე.წ. დეპუტატებმა შეთანხმებაში შეიტანეს შეზღუდვა, რომელიც მესამე პირებზე ობიექტების, აკვატორიის მონაკვეთის, მიწის ნაკვეთების, აშენებული შენობებისა და ნაგებობების გადაცემას კრძალავდა.
ასევე, შეთანხმების მიხედვით, აკრძალულია ობიექტებისა და ნაკვეთების გადაცემა ე.წ. ხელშეკრულების დენონსაციის შემთხვევაში - მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციის ნაწილმა, ამ ცვლილებების ფონზე, ე.წ. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა.