ყურძნის ფასი

ღვინის სააგენტო: ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს

ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტო ყურძნის ფასთან დაკავშირებით "გარკვეული ჯგუფების უკმაყოფილებას" ეხმაურება და წერს, რომ "ფასს არეგულირებს ბაზარი". სააგენტოს განცხადებით, ეს საკითხი "მევენახე ფერმერებისა და კერძო სექტორის შეთანხმების საგანია".

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც 2013 წლის შემდეგ ყველა რთველი, მიმდინარე წელსაც, ყურძნის მოსავლის დაბინავება ჩაივლის ორგანიზებულად და ყველა მევენახე-ფერმერი შეძლებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, რასაც კოორდინაციას რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს" - ნათქვამია განცხადებაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს.

"წლევანდელი მოსავალი ასევე გამოირჩევა მაღალი ხარისხით. შესაბამისად, მიმდინარე წელს მევენახეები მიიღებენ რეკორდულ, 350 მლნ ლარამდე შემოსავალს" - წერს სააგენტო.

დღეს, 31 აგვისტოს კახეთში, სოფელ ბაკურციხესთან მევენახეებმა აქცია გამართეს, ასამდე ფერმერმა ყურძნის ფასის მომატება მოითხოვეს. მათი თქმით, ერთ კილოგრამ ყურძენში "იმდენად დაბალ ფასს" უხდიან, რომ ვენახის ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. მევენახეების თქმით, ღვინის ქარხნები ერთ კილოგრამ რქაწითელში 1.05 ლარს იხდიან, საფერავში კი 1.30 ლარს, რაც "მიუღებელია".

საქართველოს მთავრობა რთველს წელსაც ასუბსიდირებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას ის კომპანია მიიღებს, რომელიც ამ წლის რთველის განმავლობაში, "კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს შეიძენს და გადაამუშავებს და შესყიდული 1კგ ყურძნის სანაცვლოდ, მის ჩამბარებელს არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის".

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ რქაწითელზე 20 თეთრს შეადგენს.

კომენტარები