საქართველოს მთავრობა

მთავრობა პრიზიორ მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორ მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემენ.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს - 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს - 5 100.

რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს - 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს - 1 700.

პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების I ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით.

მთავრობის ინფორმაციით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვისაც.

ადმინისტრაციის ცნობით, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1 921 850 ლარია.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოლდოვაში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 143 მედალი მოიპოვეს. მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, შვიდი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა ათი ოქროს, ათი ვერცხლისა და ცხრა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს, პარამკლავჭიდელებმა კი ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

კომენტარები