ნამიბიაში 723 ველური ცხოველის, მათ შორის, 83 სპილოს მოკვლას გეგმავენ, ხორცს კი მათ დაურიგებენ, ვისაც ქვეყანაში გვალვისა და მოუსავლიანობის გამო საჭმლის შოვნა უჭირს.
ნამიბიის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ორშაბათს, 26 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, ველურ ცხოველებს მოინადირებენ პარკებსა და იმ ტერიტორიებზე, სადაც, მათი აზრით, პოპულაციისთვის სამყოფი ხელმისაწვდომი საძოვრები და წყალი არ მოიპოვება.
აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმე გვალვაა. გაეროს მონაცემებით, ნამიბიამ საკვების რეზერვების 84% უკვე ამოწურა. მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი საკვებით სრულად უზრუნველყოფილი ვერ იქნება.
ნამიბიის გარემოს დაცვის სამინისტროს თქმით, გვალვის გამწვავებასთან ერთად, რასაც ველურ ბუნებაშიც მოჰყვება საკვების დეფიციტი, ადამიანი შესაძლოა დამატებითი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, თუ ველური პოპულაციების კონტროლს არ დაიწყებენ.
სამინისტროს განმარტებით, სწორედ ამ მიზნით მოინადირებენ 30 ჰიპოპოტამს, 300 ზებრას, 83 სპილოს და სხვა ცხოველებს.
აღსანიშნავია, რომ ნამიბიაში მთავრობის მიერ დაქირავებულმა პროფესიონალმა მონადირეებმა და კომპანიებმა უკვე მოინადირეს 157 ცხოველი, რომელთაგან 56 800 კილოგრამი ხორცი მიიღეს.
სამხრეთ აფრიკის 5 ქვეყანაში - ზიმბაბვეში, ზამბიაში, ბოტსვანაში, ანგოლასა და ნამიბიაში - ჯამში 200 ათასზე მეტი სპილო ცხოვრობს. გასულ წელს, ბოტსვანასა და ზიმბაბვეში გვალვის გამო ასობით სპილო მოკვდა.





