საქართველოს მთავრობა გაერთიანებულ სამეფოსა და შვეიცარიაში საქართველოს ელჩებს, NATO-სთან საქართველოს წარმომადგენელსა და ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს თანამდებობებიდან ათავისუფლებს.
სოფიო ქაცარავას, რევაზ ლომინაძის, ვიქტორ დოლიძისა და ალექსანდრე მაისურაძის თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტისთვის წინადადების წარდგენის თაობაზე შესაბამისი განკარგულებები დღეს, 26 აგვისტოს გამოიცა.
განკარგულებების თანახმად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა თანამდებობას 2024 წლის 15 ოქტომბრიდან დატოვებს. ის ელჩის თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა. სოფიო ქაცარავა გათავისუფლდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდანაც.
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას რევაზ ლომინაძე 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან დატოვებს.
ვიქტორ დოლიძე NATO-სთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან 2024 წლის 21 სექტემბრიდან გათავისუფლდება.
ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძე პოსტს 2024 წლის 1 ოქტომბერს დატოვებს.
ოთხივე დიპლომატი თანამდებობებზე 2020 წელს დაინიშნა.
ამასთან, კიდევ ერთი განკარგულების თანახმად, თანამდებობიდან თავისუფლდება აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძეც. ის ელჩის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა.
როგორც ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ელჩებისა და წარმომადგენლების თანამდებობებიდან გათავისუფლება მათი როტაციის ვადის ამოწურვას უკავშირდება.