2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

რობერტ კენედი საარჩევნო კამპანიას წყვეტს; მან მხარდაჭერა ტრამპს გამოუცხადა

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რობერტ ფ. კენედი უმცროსი
David Paul Morris / Bloomberg

აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რობერტ ფ. კენედი უმცროსმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი წინასაარჩევნო კამპანიას წყვეტს და მხარდაჭერას რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს უცხადებს, თუმცა მან დაამატა, რომ შტატების უმეტესობაში იგი საარჩევნო ბიულეტენიდან საკუთარ კანდიდატურას არ მოხსნის.

მაგრამ, რობერტ კენედის თქმით, იგი კანდიდატურას დაახლოებით იმ 10 შტატში მოხსნის, სადაც მის მიერ ბიულეტენზე სახელის დატოვება რომელიმე კანდიდატის გამარჯვების შანსებს შეამცირებს. ამ შტატებში კი კენედიმ მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა.

დონალდ ტრამპის კანდიდატურისთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზეზად კენედიმ "სიტყვის თავისუფლება, ომი უკრაინაში და [ამერიკელი] შვილების წინააღმდეგ მიმდინარე ომი" დაასახელა.

რობერტ კენედიმ სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან მიმდინარე ომში უკრაინას "პროქსი" უწოდა და განაცხადა, რომ არსებული ომი რუსეთის პროგნოზირებადი პასუხი იყო "ნეოკონსერვატორების" პროექტზე, რომ NATO-ს გაფართოებით რუსეთი "ალყაში მოექციათ". თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ იგი პუტინის ქმედებას არ ამართლებს.

ამასთანავე, სიტყვით გამოსვლაზე კენედიმ განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინაში მომხდარი რევოლუცია ამერიკულმა სააგენტოებმა მოაწყვეს, რაც ხშირად რუსული ანტიდასავლური პროპაგანდის ნარატივია.

ბოლო პერიოდის საარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, კენედი რბოლაში დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს ბევრად ჩამოუვარდებოდა, თუმცა მის მიმართ დამოუკიდებელი ამომრჩევლების მხარდაჭერა მაინც მნიშვნელოვანი იყო. Pew Research-ის მონაცემებით, 24 აგვისტოს დარეგისტრირებული ამომრჩევლების 46%-მა განაცხადეს, რომ არჩევნებში კამალა ჰარისს დაუჭერდნენ ხმას, 45%-ი კი დონალდ ტრამპს მისცემდა ხმას. ამავე გამოკითხვაში, მხოლოდ 7%-მა განაცხადა, რომ მხარს რობერტ ფ. კენედის დაუჭერდნენ.

კომენტარები