იტალიის სანაპირო დაცვის ცნობით, მყვინთავებმა სიცილიაში ძვირადღირებული იახტის ჩაძირვის შემდეგ დაწყებული სამაშველო-სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, მე-6 ცხედარი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ ბრიტანელი ბიზნესმენისა და მილიარდერის, მაიკ ლინჩის დაკარგული ქალიშვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-6 ცხედარი ჩაძირულ იახტაზე იპოვეს.
გუშინ, 22 აგვისტოს, მყვინთავებმა, რომლებიც სიცილიაში, პალერმოსთან ახლოს, ძვირადღირებული იახტის ჩაძირვის შედეგად დაკარგულ 6 ადამიანს ეძებდნენ, ხუთი ცხედარი იპოვეს. ხუთ ცხედარს შორის ერთ-ერთი მაიკ ლინჩის იყო, ხოლო მისი ქალიშვილი, ჰანა ლინჩი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.
როგორც ცნობილია, 19 აგვისტოს ქარბორბალამ ზღვაში იახტა გაიტაცა, რასაც თავდაპირველი ცნობებით ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ექვსი პირი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა.
იახტაზე სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც მაშველებმა 15-ის გადარჩენა შეძლეს და 8 მათგანი, მათ შორის, ერთი წლის ბავშვიც, საავადმყოფოში გადაიყვანეს.