გერმანიაში, გაილენკირხენის დასახლებაში მდებარე NATO-ს საჰაერო ბაზაზე განგაშის მაღალი დონე გამოაცხადეს. ბაზის სპიკერის თქმით, გამოცხადებულია განგაშის მეორე ყველაზე მაღალი დონე, Charlie, რაც გულისხმობს, რომ "მოხდა შემთხვევა ან მიღებულ იქნა დაზვერვის ინფორმაცია, რომელიც NATO-ს ორგანიზაციის ან პერსონალის წინააღმდეგ რაიმე სახის ტერორისტული ქმედების მაღალ ალბათობაზე მიუთითებს".
ბაზის ცნობით, გადაწყვეტილება მიიღეს "დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაძლო საფრთხეზე მიუთითებდა".
"პერსონალის ყველა წევრი, რომელიც მისიისთვის აუცილებელი არ ყოფილა, სიფრთხილის ზომის სახით სახლში გავუშვით. ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია. ოპერაციები გეგმის მიხედვით გრძელდება". - დაწერა ბაზამ X-ზე.
გაილენკირხენის ბაზაზე NATO-ს AWACS-ის სისტემის თვითმფრინავები არის განთავსებული
მანამდე, გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, 22 აგვისტოს ქალაქ ფლენსბურგში, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალურ მიწაზე გაურკვეველი დრონების გამოჩენის შემდეგ გამოძიება დაიწყეს.
ამ თვეში გერმანიაში საგანგებო ზომები სხვა ბაზაზეც გამოცხადებულა - 14 აგვისტოს კიოლნი-ვანის სამხედრო ბაზა სასმელი წყლის სავარაუდო მოწამვლის გამო დროებით დაიკეტა.
იმავე დღეს გაილენკირხენის ბაზაზე უკანონო შეჭრის შემთხვევა აღირიცხა.





