ესპანეთში 117 წლის ასაკში მარია ბრანიას-მორერა გარდაიცვალა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი ადამიანის გინესის რეკორდს ფლობდა. მორერას გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა X-ზე დაწერეს.
ოჯახის თქმით, მორერა „გარდაიცვალა ისე, როგორც სურდა - ძილში, მშვიდად და ტკივილის გარეშე“.
ბრანიას-მორერას გარდაცვალების შესახებ განცხადება გინესის მსოფლიო რეკორდებმაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის 117 წლისა და 168 დღისა გარდაიცვალა.
მარია ბრანიას-მორერა ესპანელი ემიგრანტების ოჯახში 1907 წელს სან ფრანცისკოში დაიბადა, მალევე კი მისი მშობლები ესპანეთში დაბრუნდნენ.
ბრანიას-მორერა ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ცოლად ექიმს გაჰყვა და სამხედრო საავადმყოფოში მასთან ერთად მუშაობდა. მას ჰყავდა სამი შვილი, თერთმეტი შვილიშვილი და ცამეტი შვილთაშვილი.
სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბრანიას-მორერა ესპანეთში, კატალონიაში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა, თუმცა, ასაკის მიუხედავად, გამჭრიახობა არ დაუკარგავს და მისი შვილის დახმარებით X-ის ანგარიშს იყენებდა.
„მოხუცი ვარ, ძალიან მოხუცი, მაგრამ იდიოტი არ ვარ“. - ეწერა მისი ანგარიშის ბიოგრაფიაში.
ბრანიას-მორერამდე მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ცოცხალ ადამიანად ფრანგი მონაზონი ითვლებოდა, რომელიც 2023 წლის იანვარში 118 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გერონტოლოგიის კვლევის ჯგუფის ცნობით, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი ადამიანი ახლა იაპონელი ტომიკო იტოოკაა, რომელიც 116 წლის არის.





