ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა გალის რაიონში, მეორე ოტობაიას დასახლებაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
დაკავებულ მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში ბინადრობის უფლება ჰქონდათ და საქართველოდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მსურველებს ეხმარებოდნენ.
ამაზე განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (СГБ) გაავრცელა, რომელშიც "უცხო ქვეყნის მოქალაქეების უკანონო მიგრაციის არხის ჩახშობის" შესახებ საუბრობენ.
"დაკავებულთა სახლებში აღმოჩენილი იყო F1 ტიპის ყუმბარა, РГД ტიპის ხელყუმბარა, 1 600 გრამის წონის ტროტილი, 45 გრამი პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება, TNT-ის ბლოკი, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და ასევე დოლარის კუპიურების დასტა". - ამბობენ მარიონეტული რეჟიმის უწყებაში.
მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს ასევე თქვა, რომ რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საქართველოდან აფხაზეთში გადასვლას ცდილობდნენ.





