ხატია დეკანოიძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ბრუნდება - ამის შესახებ მან კობა ნაყოფიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც ძალიან მისასალმებელია... ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას სააკაშვილის მიერ ინიციირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. რამდენიმე დღის წინ მე ყრილობამ ამირჩია კომიტეტის თავმჯდომარედ, დღეიდან ხატია იქნება თავმჯდომარის მოადგილე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიც არის ხატია დეკანოიძე, ისევ იქნებიან ნაციონალური მოძრაობის რიგებში, იქნებიან დიდი ერთობის რიგებში..." - თქვა კობა ნაყოფიამ დეკანოიძის წარდგენისას.
როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, მას კონსულტაციები ჰქონდა პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც დიდი ხანია იცნობს.
"კონსულტაციები პირველ რიგში, იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობა ნაყოფიასთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც მე დიდი ხანია ვიცნობ და ბევრი გზა გვაქვს ამ ადამიანებთან ერთად გამოვლილი, ბევრი გამარჯვება გვაქვს გამოვლილი და ყველას მინდა შევახსენო ქუთაისის გამარჯვება. ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ, დღეს ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებს ქართული ოცნება, ისინი გააუქმებენ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს მაღლა ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, ყოველგვარ საკუთარ თავზე ფიქრზე და რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდანაც იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც მე ბრძოლა რამდენიმე თვის წინ დავიწყე, არის ძალიან ბუნებრივი და არაფერი განსაკუთრებული არ არის.
მე ვხედავ ჩემს ფუნქციას პირველ რიგში, ბრძოლაში ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას ბრძოლას, იმაში რომ ყველა იყოს ერთიანი. მეტნაკლებად, ის ადამიანები, ვისაც ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებით, ვიცნობთ კარგად, მაგრამ არ ვეთანხმებით. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს. მინდა, რა თქმა უნდა, კობას და ჩემს მეგობრებს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა..." - თქვა დეკანოიძემ.
20 აგვისტოს, ხატია დეკანოიძის ოფიციალურ წარდგენამდე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ანა წითლიძემ დაწერა, რომ პარტიაში კიდევ ერთი "უძღები შვილი" ბრუნდება და დეკანოიძეს "ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი" უწოდა.
ხატია დეკანოიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2023 წლის 24 მარტს დატოვა. მაშინ იგი პარტიაში ჩრდილოვან გავლენაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ენმ-ში ჩატარებული პოლიტსაბჭოს არჩევნების პროცესი არ იყო გამჭვირვალე და ეს მისთვის მორალურად მძიმე იყო.





