არჩევნები 2024

ევროპული საქართველო ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა

პარტია ევროპული საქართველო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის კოალიციას, ერთიანობას შეუერთდა - აღნიშნული ფაქტი დღეს, 17 აგვისტოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ყრილობაზე გახდა ცნობილი. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ პარტიულ ყრილობაზე აღნიშნა, რომ კოალიციური გამსხვილების მთავარი მოტივატორი, მიხეილ სააკაშვილი იყო. 

"პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც აღვნიშნე, მთავარი მოტივატორი იყო ჩვენი გამსხვილების, ჩვენი გაერთიანების და კვლავაც, მე მჯერა, დღევანდელი გამსხვილებით ის იქნება ძალიან ბედნიერი - ერთის მხრივ, კობა ნაყოფია, როგორც მან თქვა, მისი ძველი თანამებრძოლი და ძალიან კარგი მეგობარი შემოგვიერთდა.

მეორეს მხრივ, ევროპული საქართველო, რომელიც არის ევროპული, დიდი ევროპული ოჯახის წევრი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე შემოგვიერთდა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაძლიერება ჩვენი პოლიტიკური პლატფორმისთვის -  ასე რომ, გავძლიერდეთ, გავმხნევდეთ, ერთმანეთს ხელები ჩავჭიდოთ". -  თქვა თინათინ ბოკუჩავამ გამართულ ყრილობაზე.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი წერეთელმა, ენმ-ს პარტიულ ყრილობაზე მადლობა გადაუხადა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისთანაც ევროპულმა საქართველომ მოლაპარაკებები აწარმოა - წერთელმა ასევე აღნიშნა, რომ ის მზადყოფნას, ძალას და პერსპექტივას კოალიცია ერთიანობაში ხედავს.

"ვფიქრობ, რომ დღეს, ჩვენი ისტორიის ამ მომენტში, უფრო მაღალი ღირებულება არ გვაქვს, ვიდრე ეს არის ძალების გაერთიანებაა - იმ დემოკრატიული ძალების, რომელსაც შეუძლია გამარჯვება მოიტანოს საქართველოში.

მე ვფიქრობ, რომ ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება და მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჩემი ან რომელიმე სხვა ლიდერის გადაწყვეტილება, თუნდაც იმ მტკივნეული მომენტის შემდეგ, როდესაც მოხდა დაყოფა სულ ცოტა ხნის წინ - ვფიქრობ ევროპულმა საქართველომ გადადგა სწორი ნაბიჯი, როცა განაცხადა და ჩვენ ეს გავიარეთ ბევრჯერ, გვქონდა ყველასთან კონსულტაციები, აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა პოტენციურ პარტნიორს ვისთანაც არსებობდა მოლაპარაკებები, მაგრამ ვნახეთ, რომ დღეს მზადყოფნა, ძალაც და პერსპექტივაც არის ძალიან დიდი ერთიანობაში - იმ გუნდში, იმ პარტნიორებთან, ვისთან ერთადაც არის დღეს ევროპული საქართველო ". - თქვა გიგი წერეთელმა.

კომენტარები