საქართველოს შინაგან სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა უკვე დაიწყო - ამის შესახებ განცხადებას მომსახურების სააგენტოს ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.
"მომსახურების სააგენტომ საგზაო მოძრაობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.
საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე.
დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში". - წერია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ "საგზაო მოძრაობის შესახებ", ვენის 1968 წლის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება, რომელიც მოქმედია 3 წლის ვადით.
აღნიშნული დოკუმენტი ასევე იმოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში.





