ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

IDF: ღაზაში სასკოლო კომპლექსში ტერორისტულ შტაბზე იერიშის შედეგად 19 ტერორისტი მოვკალით

ისრაელის თავდავვის ძალები (IDF) 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) და ისრაელის დაზვერვამ, შინ ბეთმა ჰამასისა და პალესტინის ისლამური ჯიჰადის 19 წევრი ტერორისტის ვინაობა გაავრცელეს, რომლებიც ღაზაში ალ-თაბაინის სასკოლო კომპლექსში ტერორისტულ შტაბზე იერიშის დროს მოკლა. მათ შორის არის ჰამასის ცენტრალური ხელმძღვანელობის წევრიც, იოსეფ ალ-კაჰლუტი. 

IDF-ის ცნობით, ტერორისტულ შტაბზე იერიში მაღალი სიზუსტის მქონე საბრძოლო მასალით მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაამატეს, რომ იერიშის შემდგომ გადაღებული კადრებში სასკოლო კომპლექსის სხვა ნაწილებში დაზიანებები არ შეიმჩნევა და რაკეტები "ვერ გამოიწვევდნენ ზიანს, რომელიც ღაზაში მთავრობის მედიის მიერ გავრცელებულ სიკვდილიანობის ანგარიშს შეესაბამება".

როგორც IDF-ის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ თქვა, იერიშამდე დაზვერვის ინფორმაცია ჰქონდათ, რომ  ალ-თაბაინში ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მეთაური, აშრაფ ჯუდა იმყოფებოდა. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ჯუდა მოკვდა თუ არა.

ჰაგარიმ ასევე დაამატა, რომ სამოქალაქო ზიანის ასარიდებლად არაერთი ნაბიჯი გადადგეს და შტაბში, როდესაც იერიში მიიტანეს, არცერთი ბავშვი ან ქალი არ იმყოფებოდა. 

"ბოლო თვეებში ჰამასი უფრო და უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებს სკოლის შენობების გამოყენებაზე, სადაც ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფება, და მათ სამხედრო ობიექტებად, შტაბებად და სამხედრო ცენტრებად, იარაღების საწყობებად და ტერორისტული თავდასხმების შესასრულებლად იყენებს". - თქვა ჰაგარიმ. 

IDF-ის სპიკერმა აღნიშნა, რომ ჰამასის მიერ კონტროლირებული უწყებების წარმოებული გარდაცვლილთა რიცხვი "მებრძოლებსა და არამებრძოლებს შორის არ განასხვავებს და IDF-ის ინფორმაციას არ ემთხვევა". 

ღაზაში ჰამასის მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მტკიცებით, იერიშის შედეგად 90 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯერჯერობით გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია. 

ისრაელი იერიშის გამო გააკრიტიკეს ირანმა, თურქეთმა, ჰეზბოლას კონტროლირებულმა ლიბანმა, ეგვიპტელმა და კატარელმა მედიატორებმა და ზოგმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა. 

იერიშზე შეშფოთება გამოთქვა თეთრმა სახლმაც.

"ვიცით, რომ ჰამასი სკოლებს თავშეყრისა და მუშაობის ადგილებად იყენებს, მაგრამ ასევე არაერთხელ და თანმიმდევრულად გვითქვამს, რომ ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა სამოქალაქო ზიანი შეამციროს". - წერია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, შონ სავეტის განცხადებაში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იერიშის ფონზე მუსლიმ სახელმწიფოებს ისრაელის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები