თბილისის მერია საბურთალოს რაიონში, ბროწეულისა და იასამნის ქუჩების კვეთაზე, სამშენებლო პროცესების შედეგად გაჩენილ მიწის ბზარების ამსახველ ფოტოებს, რომელიც სოციალურ ქსელში დღეს დილით გავრცელდა ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
განცხადებაში წერია, რომ აქამდე ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე (ბროწეულის ქუჩა N5-ში), თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტის მშენებლობა მიმდინარეობდა.
მერიის თქმით, პროექტში გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, შესაძლო რისკების თავიდან ასარიდებლად, აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო პროცესები სრულად შეჩერებულია.
"აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელიც შპს გელოვანი დეველოფმენთი ახორციელებს.
კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები გაჩერებულია.
მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო შესწავლა. ამ ეტპაზე, გამოიკვეთა, რომ პროექტში გათვალისწინებულია დასკვნის საფუძველზე შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით კონსტრუქციული ღონისძიებები
დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიების გატარება; კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს კვლევები ბზარებთან დაკავშირებით.
კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში, შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი იქნება მუნიციპალურ ინსპექციაში". წერია მერიის განცხადებაში.





