გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს მოქმედი ვიცეპრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, კამალა ჰარისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად მინესოტას გუბერნატორს, ტიმ უოლზსა და პენსილვანიის გუბერნატორს, ჯოშ შაპიროს შორის გააკეთებს არჩევანს. ამის შესახებ გამოცემას ანონიმურმა წყაროებმა უთხრეს.
ჰარისი საბოლოო გადაწყვეტილებას სამშაბათს, ფილადელფიის Temple უნივერსიტეტში ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად საჯარო გამოსვლამდე განაცხადებს.
ჯოშ შაპირო, პენსილვანიის 51 წლის გუბერნატორი და ყოფილი გენერალური პროკურორი, კანდიდატად დასახელებისა და შემდგომში გამარჯვების შემთხვევაში, პირველი ებრაელი ვიცეპრეზიდენტი იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილადელფიას საარჩევნო კოლეგიის სისტემის მიხედვით 19 ელექტორალური ხმა აქვს მინიჭებული, რომელიც ჩამონათვალში ხმების სიდიდის მიხედვით შტატს მეხუთე ადგილზე აყენებს. შესაბამისად, ტრამპიც და ჰარისიც სხვა საკვანძო შტატებთან ერთად, პენსილვანიაში გამარჯვებისთვისაც იბრძოლებენ.
ტიმ უოლზი, მინესოტას 60 წლის გუბერნატორი, აშშ-ს ეროვნული გვარდიის არმიის ვეტერანი და ყოფილი მასწავლებელი ბოლო კვირების განმავლობაში ჰარისის ღია მხარდაჭერით გამოირჩეოდა. სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც ტრამპსა და ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს "უცნაური" (Weird) უწოდა, რომელიც მოგვიანებით ჰარისის კამპანიის განუყოფელი ნაწილი გახდა.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ოჰაიოელი სენატორი და Hillbilly Elegy-ის ავტორი 40 წლის ჯეი დი ვენსია.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.





