ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ლუგარის ლაბორატორიისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ "თუ მართლა არის გადაწყვეტილება მიღებული, რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი".
"არ მგონია, რომ ჩვენმა მთავარმა პარტნიორმა გაწყვიტოს ურთიერთობა და ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის სფეროში. თუ მართლა არის გადაწყვეტილება მიღებული, რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი. [...] იმდენად მე ფინანსურს არ ვუსვამ ხაზს, რამდენადაც ეს პარტნიორული ურთიერთობების შეჩერება ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. ლუგარის ლაბორატორია გახლავთ ქვეყნის საგანძური". - თქვა გამყრელიძემ TV პირველთან კომენტარში.
ფორმულას ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-მ ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
31 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ "აშშ აჩერებს $95 მილიონზე მეტი ოდენობის დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებელს საქართველოს მთავრობა ნახულობს"
" ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს - ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ.
ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას საქართველოში". - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა.





