3 აგვისტოს Z-ბლოგერების ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე გამოჩნდა ფოტო, რომელზეც სასტიკად მოკლული და დასახიჩრებული ადამიანი, სავარაუდოდ უკრაინელი ტყვე ჩანდა. უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა ფოტოსთან დაკავშირებით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და გაეროს მიმართა. ლუბინეცი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის სავარაუდო დაუნდობელი მკვლელობა გამოიძიონ.
"ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს სავარაუდოდ უკრაინელი ტყვე, რომელსაც თავი და კიდურები რუსებმა მოაჭრეს. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ტყვეების მოპყრობის ჟენევის კონვენციის დარღვევა, ეს არის არაადამიანური საქციელი!" – წერს ლუბინეცი.
გავრცელებულ ფოტოში ჩანს სავარაუდოდ უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელსაც მაისურზე პროუკრაინული წარწერა აწერია. მას მოჭრილი აქვს ყველა კიდური და თავი. მოკვეთილი ხელები ფეხების ადგილზე აწყვია, ფეხები კი მხრებთან. მოკვეთილი თავი კი სხეულზე დევს.
უკრაინის პროკურატურაში გამოაცხადეს, რომ გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყეს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა უკრაინელი ტყვეების დახოცვის ამსახველი სასტიკი კადრები ვრცელდება. აქამდე უკვე გავრცელდა განსაკუთრებით მძიმე და დაუნდობელი ომის დანაშაულების რამდენიმე ვიდეო, რომლებშიც რუსი ჯარისკაცები დატყვევებულ უკრაინელებს ანაწევრებდნენ.