ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მუქარას გამოეხმაურა, რომელშიც იგი ამბობს, რომ პალესტინელების დახმარების მიზნით შესაძლოა, თურქეთი ისრაელში შეიჭრას.
"ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას ადგას და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება. უნდა გაიხსენოს, თუ რა მოხდა იქ [ერაყში] და როგორ დამთავრდა ეს". - წერს ისრაელ კაცი X-ზე.
მანამდე, 28 ივლისს, სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პალესტინელების მხარდაჭერის მიზნით ისრაელში შეჭრით დაიმუქრა.
"ჩვენ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ, რათა ისრაელმა პალესტინას ასეთი რაღაცები ვერ გაუკეთოს". - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ჰამას-ისრაელის ომზე საუბრისას.
"ისევე, როგორც ყარაბაღში შევედით, ისევე, როგორც ლიბიაში შევედით, ჩვენ შეიძლება, მათაც [ისრაელს] იმავენაირად მოვექცეთ. არაფერია, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ ძლიერები უნდა ვიყოთ". - განაცხადა ერდოღანმა.





