იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის უკვე ყოფილი წევრების განცხადებით, მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დაძლევის პრინციპი და შეიჭრა პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ ღია კონკურსის, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საჯაროდ გასაუბრებების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი ბურჯანაძის და კახა წიქარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა, რომელთაგან პრეზიდენტმა საბჭოს წევრად, 15 ივლისის განკარგულებით, კახა წიქარიშვილი დანიშნა.
მიმდინარე წლის 22 ივლისს კი, ცნობილი გახდა, რომ კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ პრეზიდენტის განკარგულება გაასაჩივრა. მოსამართლემ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, დროებითი შეჩერების მექანიზმი გამოიყენა და შეაჩერა პრეზიდენტის განკარგულება, რაც შესარჩევი კომისიის შეფასებით, "ძალიან პრობლემური და სერიოზული საფრთხის შემცველია".
"მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დააკმაყოფილა და პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება შეაჩერა სამართალწარმოების დასრულებამდე, აგრეთვე, 5 თვის ვადით აუკრძალა პრეზიდენტს ახალი კონკურსის, ან ნებისმიერი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვა წევრის დანიშვნა.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ აგრეთვე უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (მე-3 მუხლი) დანაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობაზე.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესებს და ამ გზით, სასამართლო ცდილობს, უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით, სასამართლომ ფაქტობრივად თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს - ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ - არა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლემ იმავე განჩინებით, საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი 2-თვიანი ვადა 5 თვემდე გაახანგრძლივა, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტს და აჩენს პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს პარალიზების რისკებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და მის ეფექტიანობას, არამედ კიდევ უფრო ზიანდება და მცირდება მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა" - განაცხადეს კომისიის წევრებმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.