საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტმა 18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

სალომე ზურაბიშვილი
IPN

პრეზიდენტმა 18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი განკარგულება პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის პასუხად გამოსცა

"კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს პარლამენტის რიგგარეშე სესია 2024 წლის 18 ივლისის 12:00 საათიდან" - წერია დოკუმენტში.

ამასთან, პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, "რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი".

18 ივლისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს. იმავე დღეს, მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

19 ივლისს კი, პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე  იმსჯელებს. მას იმავე დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. კანონპროექტის საბოლოოდ მიღებას ქართული ოცნება სექტემბერში გეგმავს.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია 28 ივნისს დაიხურა.

კომენტარები