2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ბაიდენი: თუ ყოვლისშემძლე ღმერთი მეტყვის, რომ ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში ვიზიტისას, 2024 წლის 12 იანვარი
REUTERS/Leah Millis

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, თუ ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე დაეშვება და ეტყვის, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშოს, შესაძლოა, ასეც მოიქცეს, თუმცა, ეს არ მოხდება. ეს სიტყვები ბაიდენმა ABC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა.

ჟურნალისტის კითხვაზე, "თუ დაარწმუნებენ, რომ ტრამპის დამარცხება არ შეუძლია, გამოეთიშება თუ არა საარჩევნო მარათონს", ბაიდენმა ასე უპასუხა:

"ყოვლისშემძლე ღმერთი თუ დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე არ ჩამოვა". - თქვა ბაიდენმა.

ამასთან, ბაიდენის თქმით, მან საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტობისთვის ყველაზე კვალიფიცირებული ადამიანია და იცის, როგორ დაამარცხოს ტრამპი.

"ჩემი თავი ორ რამეში დავარწმუნე, რომ მე ყველაზე კვალიფიცირებული ადამიანი ვარ და ვიცი, როგორ დავამარცხო ტრამპი, როგორ მივაღწიო შედეგს". - თქვა ბაიდენმა.

გარდა ამისა, ინტერვიუში ბაიდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კოგნიტური ტესტის ჩატარებაზე უარს ამბობს, რადგან ის ამ ტესტს "ფაქტობრივად, ყოველდღე გადის, როდესაც თეთრ სახლში მუშაობს".

ბაიდენის განმარტებით, პირველ სატელევიზიო დებატებზე მისი წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი გადაღლილობა და გაციება იყო.

კომენტარები