საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები 2024

საფრანგეთში კანდიდატებმა ლე პენის პარტიის წინააღმდეგ კანდიდატურები მოხსნეს

Getty Images

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდის შემდეგ კანდიდატებმა მარინ ლე პენის პარტიის, ეროვნული ერთობის წინააღმდეგ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. პოლიტიკური პარტიებისთვის 2 ივლისს საფრანგეთის დროით 5 საათზე იყო ბოლო ვადა მეორე რაუნდისთვის კანდიდატების დასარეგისტრირებლად. 

ოფიციალური სია, თუ რომელმა პოლიტიკოსებმა მოხსნეს საკუთარი კანდიდატურები ლე პენის პარტიის წინააღმდეგ, ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ამის მიუხედავად, ფრანგული მედია წერს, რომ 214-დან 218-მდე კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა ეროვნული ერთობის ოპონენტი პარტიის სასარგებლოდ. 

პირველი რაუნდის შემდეგ მემარცხენე კოალიციის ახალი სახალხო ფრონტი-ს ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა მისი პარტიის მესამე ან მეოთხე ადგილას გასულ კანდიდატებს მოუწოდა, კანდიდატურები ლე პენის პარტიის საწინააღმდეგოდ მოეხსნათ. 

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ რაუნდში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა 33,2%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტია, ხოლო მოქმედი მთავრობის და ემანუელ მაკრონის გაერთიანება - ერთად რესპუბლიკისთვის მესამე ადგილს იკავებს. აბსოლუტური საპარლამენტო უმრავლესობისთვის 577 ადგილიდან 289-ის მოპოვებაა საჭირო.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეები ხმას ოლქებში ორ რაუნდად აძლევენ. მეორე რაუნდში გადადის ორი მოწინავე კანდიდატი და კიდევ ის კანდიდატები, რომლებიც 12,5%-იან ბარიერს გადალახავენ. ეროვნულ ასამბლეაში ადგილს მათ შორის მეორე რაუნდში გამარჯვებული იკავებს. სხვადასხვა ოლქებში მელანშონმა მესამე ან მეოთხე ადგილას გასულ მემარცხენე კანდიდატებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ეროვნული ერთობის ოპონენტი კანდიდატებისთვის.

კომენტარები