საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები 2024

ატალი: ულტრამემარჯვენე ეროვნულმა გაერთიანებამ მეორე ტურში არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს

Reuters

საფრანგეთის პრემიერმინისტრის, გაბრიელ ატალის თქმით, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ, ეროვნულმა გაერთიანებამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს.

"დღევანდელი გაკვეთილი ის არის, რომ ულტრამემარჯვენეები ძალაუფლების ზღვარზე არიან. ჩვენს დემოკრატიაში ეროვნულ ასამბლეაში ულტრამემარჯვენეების დომინირების რისკი არასდროს ისეთი დიდი არ ყოფილა, როგორც დღეს არის. ჩვენი მიზანი ნათელია: არ დავუშვათ ეროვნული გაერთიანების მიერ მეორე ტურში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება, ეროვნულ ასამბლეაზე დომინირება და შესაბამისად, ქვეყნის მართვა თავიანთი დამღუპველი პროექტით". - თქვა ატალმა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ამომრჩევლებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ კანდიდატებს, რომლებიც არიან "რესპუბლიკური და დემოკრატიული".

IFOP-ის, Ipsos-ის, OpinionWay-ისა და Elabe-ის ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ეროვნული გაერთიანება (RN) ხმების 34%-ით ლიდერობს.

ამავე მონაცემებით, მემარცხენე კოალიციამ ახალი სახალხო ფრონტი (NFP) დაახლოებით 29%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება ხმების 20.5-23%-ით გავიდა. ამას გარდა, ეგზიტპოლების მიხედვით, მემარჯვენე რესპუბლიკელებმა (LR) ხმების 10.5% მოიპოვეს.

კომენტარები