აშშ-ის 2024 წლის არჩევნები

CNN-ის კვლევით, გამოკითხულთა 67% ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო დებატებში ტრამპმა გაიმარჯვა

27 ივნისს აშშ-ში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის მთავარმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი დებატები გამართეს.

CNN-ის გამოკითხვის მიხედვით, რეგისტრირებული ამომრჩევლების 67% თვლის, რომ დებატებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. 

კვლევა გამოხატავს მხოლოდ იმ ამომრჩეველთა აზრს, რომლებმაც დებატებს უყურეს. ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 565 რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო.

ამასთან ერთად, გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ ბაიდენს არ ენდობა ქვეყნის მართვაში, ხოლო ტრამპზე იმავეს 44% ამბობს. თუმცა, ამ მონაცემებზე დებატებს დიდი გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან, დებატებამდე 55% ამბობდა, რომ ბაიდენს არ ენდობოდა, ხოლო 47% ტრამპს. 

ეს 2024 წლის საარჩევნო კამპანიის პირველი საპრეზიდენტო დებატები იყო. ბოლო მსგავსი ღონისძიება ორ პოლიტიკოსს შორის 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა.

დებატების მოდერატორები CNN-ის ჟურნალისტები, ჯეიკ ტაპერი და დანა ბეში იყვნენ. 

ბაიდენსა და ტრამპს შორის მომდევნო დებატები 2024 წლის 10 სექტემბერს, ABC News-ის ეთერში შედგება, ხოლო ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთა დებატი შესაძლოა 23 ივლისს ან 13 აგვისტოს შედგეს.

კომენტარები