საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში პრემიერი მოხსენებას წარადგენს, ონლაინმედიას შენობაში არც დღეს შეუშვებენ

ონლაინმედიების ჟურნალისტები ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებენ, 2024 წლის 8 აპრილი
ტაბულა

დღეს, 28 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" იმოქმედებს. პარლამენტის შენობაში შეუშვებენ მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებულ ჯგუფებს.

"ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია განცხადებაში.

უკვე რამდენიმე თვეა, ონლაინმედიას პარლამენტში შესვლა ყველა მნიშვნელოვანი პლენარული სხდომის დღეს ეკრძალება - მათ შორის რუსული და ე.წ ოფშორების შესახებ კანონების განხილვა-მიღებისას და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას. ეს შეზღუდვა პარლამენტმა სწორედ რუსული კანონის განხილვების დროს აამოქმედა.

28 ივნისის პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.

კომენტარები