რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა რუსეთს უკრაინასთან ომში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის პრეზიდენტები, კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი, ფხენიანი, 19 ივნისი
Getty Images

ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის, კიმ ჩენ ინის თქმით, ფხენიანი "სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას" უცხადებს რუსეთს უკრაინასთან მიმდინარე ომში. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რუსეთის მთავრობას, არმიას და ხალხს, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას მათი სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ინტერესების და ასევე ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად". - თქვა კიმ ჩენ ინმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, მსოფლიოში ვითარება კიდევ უფრო რთულდება და ძალიან სწრაფად იცვლება. კიმ ჩენ ინის შეფასებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "ფხენიანისთვის რუსეთთან და რუსეთის ლიდერებთან სტრატეგიული კომუნიკაციის კიდევ უფრო გაძლიერება აუცილებელია"

ვლადიმირ პუტინმა კი ჩრდილო კორეელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოსკოვი უკვე ათწლეულებია იბრძვის აშშ-სა და მისი მოკავშირეების "ჰეგემონიური და იმპერიალისტური პოლიტიკის" წინააღმდეგ.

ამასთან, ფხენიანში გამართულ სამიტზე მხარეებმა პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას და ვაშინგტონის წინააღმდეგ ერთიანობის გამყარებას ითვალისწინებს.

ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეას ბოლოს 2000 წელს, კიმ ჩენ ინის მამის, კიმ ჩენ ირის მმართველობის დროს ესტუმრა.

კომენტარები