რუსეთ-უკრაინის 2022-2024 წლის ომი

ბუჩამდე იყო აფხაზეთი - ზურაბიშვილის მიმართვა მსოფლიო ლიდერებს უკრაინის სამშვიდობო სამიტზე

სალომე ზურაბიშვილი
IPN

"ბუჩამდე იყო აფხაზეთი - არის ფილმის სახელი და დიახ, უკრაინაში ომამდე იყო ომი საქართველოში" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიაში, უკრაინის სამშვიდობო სამიტზე მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

"ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე 800 დღეა გრძელდება. ესაა უდანაშაულო სიცოცხლეების, განადგურების და ეკონომიკის ნგრევის 800 დღე. 800 დღის განმავლობაში უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ თავისუფლებისთვის და მათი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის და დემოკრატიის იდეალებისთვის, კანონის უზენაესობის შენარჩუნების და აღდგენისთვის. ჩემს სამშობლოს, საქართველოს შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის მწარე ხვედრი. ჩვენის მხრივ, ბუჩამდე იყო აფხაზეთი, ეს ფილმის სათაურია და დიახ, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ, არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ, და უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციამდე იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მშვიდობის სამიტზე ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების და რუსეთის მიერ აფხაზეთში სამხედრო ბაზის აშენების საკითხებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროპასა და უკრაინაში მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, როცა საწყისი ნაბიჯების მიღმა, რუსეთი გააცნობიერებს, რომ მას აქვს საზღვრები ისევე, როგორც სხვა სახელმწიფოებს, ჰყავს მეზობლები, როგორც სხვა სახელმწიფოებს და საერთაშორისო საზოგადოებას და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას მხოლოდ მაშინ შეუძლია არსებობა, როცა მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო ცნობს და პატივს სცემს მის მეზობლებს და მათ ტერიტორიულ მთლიანობას.

დოკუმენტური ფილმი "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" აფხაზეთის ომში მომხდარი და დავიწყებული ისტორიების შესაგროვებლად დაწყებული კამპანიის ნაწილია, რომელიც ევროპული საქართველოს, აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტისა და ტაბულას საერთო პროექტია.

კომენტარები